ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა.
ჯინჭარაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.
"როგორც თქვენ გაიგეთ, ისე გავიგე აჭარის ტელევიზიიდან და მერე დამიდასტურა ფინანსთა სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელმა. მიზეზი არ ვიცი, ბრძანება არ მინახავს ჯერ, ალბათ ხვალ დილას ვნახავ", - განუცხადა ფორმულას ჯინჭარაძემ.
ის მომხდარს მის მეირ გამოხატულ პროტესტს უკავშირებს, როდესაც შპს ბათუმი თაუერისთის პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას შეეწინააღმდეგა.
"ეს არის ბოლო მოვლენების და ჩემი ყოველდღიური პროტესტის შედეგი. ორ დღეში მოდის განაშენიანების დოკუმენტი, რაზეც ორი წელია ვმუშაობთ და ორი დღით ადრე მათავისუფლებენ", - განაცხადა ჯინჭარაძემ.
რაც შეეხება მისი გათავისუფლების მიზეზად აუდიტის დასკვნის დასახელებას, ჯინჭარაძე აღნიშნულს აბსურდს უწოდებს.
"ნახავს ყველა ამ დოკუმენტში, აუდიტის დასკვნაში რაც წერია. ორი წელი მიმდინარეობს ეს საქმე, პროკურატურამ, ანტიკორუფციულმა გაიარა და არავის დავუჭერივარ, ახლა გახდა კორუფციული გარიგება? უზრდელები არიან და არ ვიცი რა ვთქვა. ყველაფერი ნათელია და გამოჩნდება. რომელი ხის ტოტზეც ისხდნენ ის მოიჭრეს, დასასრულის დასაწყისი დაიწყეს, ბინძურად", - თქვა ირაკლი ჯინჭარაძემ.