სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, უკრაინას მზრუნველობამოკლებული ბავშვების დროებით, ვითარების გამოსწორებამდე საქართველოში განთავსება შესთავაზოს.
"საომარი მოქმედებების შედეგად, ათეულობით ბავშვი დაიღუპა, დაშავდა, დაკარგა მშობელი/მზრუნველი პირი და ახლობელი, დარჩა საცხოვრისის გარეშე. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა მზრუნველობამოკლებული, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, მათ შორის, დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი უერთდება ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის მოწოდებას უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მყოფ ბავშვთა უფლებების მყისიერი დაცვისკენ. დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, შესთავაზოს უკრაინის მთავრობას მზრუნველობამოკლებული ბავშვების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა და დროებით ზრუნვის ფორმაში განთავსება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სანამ მათ სამშობლოში უსაფრთხო გარემო არ შეიქმნება.
თავის მხრივ, სახალხო დამცველი და მისი გუნდი გამოთქვამს აღნიშნულ პროცესში ჩართვის მზაობას, როგორც დროებითი მიმღები ოჯახების მოძიება/შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე, გამოკვეთილი საჭიროებისამებრ, მრავალმხრივი მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით.