სახალხო დამცველი ლევან იოსელინი გამოეხმაურა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
ლევან იოსელიანის თქმით, საკითხი დეტალურად შეისწავლეს და "ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს".
"ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის, მოვითხოვეთ დაარქივებული მასალებიც და ვნახეთ ვიდეო ჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება, ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - თქვა იოსელიანმა.
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს. გიორგი დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყება უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას, "დეზინფორმაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ "ეს არის სრული სიცრუე და გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება".
