logo
ENG



ომბუდსმენი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იუსტიციის მინისტრის კითხვებს პასუხობს

04 მაი 202218:49
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იუსტიციის მინისტრის კითხვებს პასუხობს

სახალხო დამცველი ეხმაურება იუსტიციის მინისტრის 2 მაისის განცხადებებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსულ შეკითხვებს, რომლებიც აპარატის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას და მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას შეეხებოდა.

2 მაისს რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის რეალური ანალიზებისგან და "ეს ანალიზები ხელმისაწვდომი იყო ექსპერტთა ჯგუფისთვის". ბრეგაძის თქმით, სწორედ ამიტომ, არსებობს კითხვის ნიშნები დასკვნასთან დაკავშირებით და ეს იყო "ერთ-ერთი საკითხი, რომელიც 30 აპრილს მათ სახალხო დამცველის ოფისში გაგზავნეს"

"გასაკვირია იუსტიციის სამინისტროს დასმული შეკითხვები, ვინაიდან დასკვნაში წარმოდგენილი ჩივილები, ჩატარებული კვლევების მონაცემები (მათ შორის ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი) და სხვა საყურადღებო საკითხები, რასაც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ უსვამს ხაზს, დეტალურად იყო გავლილი ექსპერტების მიერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ვიზიტის განხორციელების დღესვე.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეფუძნება პაციენტის პირად შემოწმებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო მასალების, ანალიზების პასუხების და ჩანაწერების შესწავლას". - აცხადებს სახალხო დამცველი. 

ომბუდსმენის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ იუსტიციის მინისტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის, ისიც ცნობილია, რომ "სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი, მაღალი სანდოობისა და რეპუტაციის მქონე გამოცდილი ექიმებით, რომლებსაც ცხადია, გააჩნიათ იმ თითოეული სიმპტომის აღწერის, დიაგნოსტირების თუ რეკომენდაციაზე საუბრის/დადგენის კომპეტენცია რაზეც დასკვნაშია საუბარი"

სახალხო დამცველის თქმით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას და სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზად არის, სამუშაო ფორმატში შეხვდეს იუსტიციის სამინისტროს/პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით გავმართოთ ექსპერტული მსჯელობა. ისინი გამოხატავენ მზადყოფნას, ეს დისკუსია საზოგადოებისთვის საჯარო იყოს. 

"ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შევახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი მზადაა ჩაერთოს ნებისმიერი სახის ექსპერტულ განხილვაში, სამინისტრომ დრო ხელოვნურად არ უნდა გააჭიანუროს. პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია. სამინისტროს აქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები დროულად არ გაითვალისწინა, რამაც პაციენტის მდგომარება გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად სამინისტრო დროის ფაქტორს ადეკვატურად შეაფასებს და უზრუნველყოფს პაციენტს ხარისხიანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისით". - აცხადებს სახალხო დამცველი. 

გარდა ამისა, ომბუდსმენი ეხმაურება იუსტიციის მინისტრის ბრალებებს, თითქოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ გაასაჯაროეს მიხეილ სააკაშვილს პერსონალური მონაცემები.

"განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს თანხმობა სახალხო დამცველისა და მის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი და მის მიერ უფლებამოსილი პირები, ამ ტიპის მონაცემების გასაჯაროებას იმ ფარგლებში ახდენენ, რაც დასკვნების არგუმენტების საჯარო პოზიციონირებისთვის და საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო". - ნათქვამია განცხადებაში. 

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს. 


close დახურვა