logo
ENG



ომბუდსმენი შოვზე: კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა

04 აგვ 202314:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/jkr4xp35hb593mz.jpg

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მისი თქმით, კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა.

"საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს.

სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.

სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. 


close დახურვა