სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ყველა სახის ძალადობას. ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმები.
"სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ისინი შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ.
ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა.
თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს.
- რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ