logo
ENG



ომბუდსმენის ანგარიში: ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება

02 აპრ 202414:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/zsfrjagzzmln4yi.jpg

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ერთ-ერთ თავში ომბუდსმენი ლგბტ+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობის საკითხს ეთმობა.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ გასული წლების მსგავსად, ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება. მიუთითებს, რომ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ადამიანები თავიანთი ქმედებებითა და განცხადებებით ხელს უწყობენ ჰომოფობიური განწყობების გავრცელებას.

"თემის წევრები კვლავ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლები არიან და ეს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებით, სიძულვილის მოტივით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებით და სხვა სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით არის გამოწვეული. ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პირები, თავიანთი მოქმედებებითა და განცხადებებით, ხელს უწყობენ ჰომოფობიური განწყობების გავრცელებას, დისკრიმინაციის წახალისებას და, ამავე დროს, ჩადიან ქმედებებს, რომლებიც, ხშირად, ლგბტ+ ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევაში გამოიხატება", - ნათქვამია დოკუმენტში.

ომბუდსმენი 8 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზეც საუბრობს. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლგბტ+ თემის დაცვა ამ მასშტაბის ძალადობისა და დისკრიმინაციის მხოლოდ საპოლიციო ძალების გამოყენებით შეჩერება შეუძლებელი და ხშირად არასაკმარისიცაა. აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევის დასაძლევად სხვადასხვა უწყებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით, კომპლექსური, დროში გაწერილი და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ კონტრშეკრებების გამართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებით პრობლემური იყო 2023 წლის 8 ივლისი, როცა რადიკალური ჯგუფები პრაიდის ღონისძიების ჩაშლის მიზნით შეიკრიბნენ. მიუთითებს, რომ ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს კონტრდემონტსრანტების მიერ სიძულვილის ენის, განსაკუთრებით კი ჰომოფობიური მნიშვნელობის მქონე განცხადებების გამოყენება, ასევე, შესაბამისი ქმედებები. მისივე თქმით, ამ საკითხის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, არის თუ არა დაცული უფლების კონსტიტუციური ფარგლები.

სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს წინადადებებით:

  • მოწესრიგდეს სხვადასხვა სახის შეკრების (მათ შორის, სპონტანური და ერთდროული შეკრებები) გამართვის წესთან დაკავშირებული საკითხები;
  • ვითარების ესკალაციისა და უფლებაში ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად, საკანონმდებლო დონეზე დაინერგოს შეკრების მონაწილეებთან დიალოგისა და მოლაპარაკების წარმოების მექანიზმი.
 

close დახურვა