სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის. დღეს, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით, 46 პირი დაკავეს. სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში მოინახულა 23 დაკავებული.
"დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უსაფუძვლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის/ძალის გადამეტების ფაქტებზე. დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც უკვე ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
აპარატში აცხადებენ, რომ შსს-მ კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა.
დაკავებულების შესახებ განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემაც. მისი თქმით, 20 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი.