სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გუშინ აქციაზე დაკავებულები თელავისა და გურჯაანის იზოლატორებში მოინახულეს.
ომბუდსმენის წარმომადგენლის ცნობით, იზოლატორში ყოფნისას აქციაზე დაკავებულები უფლებადარღვევებზე არ საუბრობდნენ, მათ პრეტენზიები დაკავებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
სახალხო დამცველის მოადგილის ცნობით ომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია, რომ ზოგიერთ აქტივისტს საკვების წვდომასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ის აცხადებს, რომ აგრძელებენ ფაქტების შესწავლას, თუმცა ამის შესახებ დამატებითი დეტალები მათთვის არაა ცნობილი.
ომბუდსმენის წარმომადგენელი დაკავებულების ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის იზოლატორში გადაყვანის პრაქტიკას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს დამატებით პრობლემებს ქმნის, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატისთვისაც - ართულებს დაკავებულების პოვნას.
ელენე ღუდუშაურის თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლები გუშინ გამართულ აქციაზეც იმყოფებოდნენ და დღეს დაგეგმილ აქციასაც გაუწევენ მონიტორინგს.
"ვაპირებთ, რომ დღეს საღამოსაც მონიტორინგს გავუწევთ. დაკავებების შემთხვევაში აქტიურ რეჟიმის ვიქნებით მონახულების მხრივ. გუშინ მთელი ღამე ვიყავით თელავში და ვნახეთ ყველა დაკავებული“ - განაცხადა ელენე ღუდუშაურმა.
ფორმულა დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან დაკავშირებას და გუშინდელ აქციაზე მოქალაქეების დაკავების შეფასებას.
საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბანერების გამო ძალადობრივ დაკავებებს წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაუშვებელია "სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით" გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი.
დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.
მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.
საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა გუშინ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას და განაცხადა, რომ დაკავების 24 საათის ნაცვლად 48 საათამდე გახანგრძლივების პრაქტიკას შსს, ძირითადად, აქტივისტების შემთხვევაში, სადამსჯელოდ იყენებს.