logo
ENG



ომბუდსმენმა ალტ-ინფოს პარტიის აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

05 ივლ 202214:42
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენმა ალტ-ინფოს პარტიის აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა. 

ომბუდსმენის განცხადებით, მას არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, ამიტომ სარჩელის პროექტი წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს. 

"იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში". - წერს სახალხო დამცველი. 

ომბუდსმენის განცხადებით: 

"5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას". 

2021 წლის 20 ნოემბერს, 5 ივლისის ძალადობიდან რამდენიმე თვეში, ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა.

5 ივლისის ძალადობიდან 1 წლის თავზე ორგანიზატორები - პარტიის ლიდერები ისევ დაუსჯელები არიან. 

2021 წელს, ამ დღეს რუთაველის გამზირზე პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები. დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს, რომელიც დღესაც ადგილზე დგას. 

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. 

ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. 

5 ივლისის საქმეზე დაკავებულია 30-მდე ადამიანი, თუმცა, დაკავებულებს შორის არ არიან ძალადობის ორგანიზატორები  - ალტ-ინფოს ლიდერები. 


close დახურვა