logo
ENG



ოპერის 17 გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

29 დეკ 202318:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/29/6lpvi5oq8bebq50.jpg

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან 17 გაფიცული თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს.

წიქარიძე გადაწყვეტილებას გაუგონარსა და არაკონსტიტუციურ უკანონობას უწოდებს. მისივე თქმით, თანამშრომლები ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი გზით აპირებენ.

"25 თანამშრომელი გაიფიცა, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, მათი ხელფასი 500-600 იყო, გაფიცვა გაგრძელდა 53 დღე. პროფკავშირმა ყველა იურიდიული პროცედურა დაიცვა, ხოლო ოპერის ადმინისტრაციამ პირიქით ყველა პროცედურული ნაბიჯი სამართლებრივად მცდარად გადადგა.

ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას საჩივრით, რამაც ოპერის ადმინისტრაცია გააცეცხლა, რადგან მათ ბევრი პრობლემა აქვთ დასაქმებულებთან. ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება.

პროცედურის დაცვით ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი ამ უნამუსოებმა, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა. ეს არის ფაშისტური კულტურის პოლიტიკა და ვინც ამას ამართლებს არის ჩვეულებრივი ფაშისტი! ეს ხალხი არის ჩვენი ქვეყნის სახადი!
იმ ასამდე სარჩელს, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემის წინააღმდეგ არის შესული სასამართლოში კიდევ 17 სარჩელი დაემატება!" - წერს წიქარიძე.

ოპერის 25 თამაშრომელი 53 დღის წინ გაიფიცა. მანამდე 21 დღე ისინი ადმინისტრაციასთან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. პროფკავშირის ჩართულობით, ოპერის თეატრში შრომის ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც, ხელფასების 40%-იანი ზრდა გადაწყდა. თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა დღეს ისინი შენობაში არ შეუშვეს. 


close დახურვა