logo
ENG



ოპერისა და ბალეტის თეატრთან გაფიცული თანამშრომლები აქციას მართავენ

05 ნოე 202316:59
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები, რომლებიც მესამე დღეა გაფიცულები არიან, აქციას მართავენ. ისინი ხელფასის გაორმაგებას ითხოვენ. მათ პროტესტს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"შეიძლება 100%-ით მომატება ციფრებში დიდად ჟღერდეს, მაგრამ, რეალურად, 509 ლარს ვიღებ ხელფასს 2 წელია. ფურცელზე შეიძლება 800 ლარი მიწერია, მაგრამ ამას აკლდება საპენსიო 22%... ვითხოვ, რომ ვიარსებო, ელემენტარულად. ხელფასის დარიცხვის მეორე დღიდან იმაზე არ ვიფიქრო, რომ სახლში საჭმელი ვიყიდო, ბანკი გადავიხადო, თუ დედაჩემს წამალი ვუყიდო. ეგ საფიქრალი რომ მაინც არ მქონდეს", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი, დიმიტრი მარტიროსოვი.

თეატრის ადმინისტრაციაში დეზინფორმაციას უწოდებენ ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას და ამბობენ, რომ ყოველთვიურად დასაქმებულების ანაზღაურება 650 ლარიდან 1350 ლარამდე მერყეობს. მათივე განცხადებით, დეზინფორმაციაა ისიც, რომ თეატრის სცენის 2 თანამშრომელი გაფიცვაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს.

"ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ, თეატრის სცენის სამსახურის 2 ყოფილ თანამშრომელთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს მათი სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია გაფიცვაში მონაწილეობისას მიღებასთან. აღნიშნული პირები თეატრში დასაქმებულები იყვნენ 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელთაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ ამ ვადით ამოწურვამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

გელა გასიტაშვილი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც გაფიცვის დაწყების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამბობს, რომ ამის მიზანი, შესაძლოა, დაშინება იყოს.

"არ ვიცი, რატომ გავთავისუფლდი, ერთადერთი ის არის, რომ ვადა ამომეწურა, მაგას მეუბნებიან. ჩემი აზრით, დამთხვევაა, როცა გაიგეს ინფორმაცია, რომ მე ხელი მოვაწერე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ან დაშინების, ან სხვა მიზნით გამიშვეს სამსახურიდან... მე ხომ არ მქონდა ვადა გასული, ეგ არის ერთადერთი მიზეზი.

ხელფასებს რაც შეეხება, ჩვენ გვინდა ფიქსირებულად 900-დან 1000-ლარამდე", - ამბობს ის.

თანამშრომლები განმარტავენ, რომ თეატრში სამუშაოს ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა - მათი ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია.

 

close დახურვა