logo
ENG



ოპოზიცია-ხელისუფლების მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, 11 თებერვალს გაიმართება

08 თებ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული შეხვედრების მეხუთე რაუნდის წინ, ოპოზიცია კიდევ ერთ დათმობაზე მიდის.

როგორც "ფორმულასთვის" გახდა ცნობილი, ოპოზიციური მაჟორიტარების კვოტის დაშვებას განიხილავს, თუმცა არა 100-50-ზე, როგორც "ქართული ოცნება" მოითხოვს, არამედ, მაჟორიტარების კიდევ უფრო შემცირებული რაოდენობით. ასევე ცნობილია, რომ პარტიათა ნაწილი არჩევნებზე ბარიერის დაწესების მომხრეა, თუმცა ჯერჯერობით ახალი ინიციატივის შინაარსზე დამატებით არ საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ახალ ინიციატივას არ გასცნობიან, უმრავლესობაში დათმობაზე წასვლას გამორიცხავენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთადერთი მისაღები ინიციატივა მათ აქვთ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შტატებიდან კი ოპოზიციას მორიგ ულტიმატუმს უყენებს. პირველი კანონმდებლის თქმით, თუ ცვლილებების საბოლოო პროექტი თვის ბოლომდე არ მომზადდება, 2020 წლის არჩევნები მოქმედი სისტემით ჩატარდება

ძალაუფლების დაკარგვის შიშად აფასებს ოპოზიცია არჩილ თალაკვაძის ულტიმატუმს. ისინი ხელისუფლებას კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ, რამაც შესაძლოა არჩევნები ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პროცესი ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, 11 თებერვალს გაიმართება. შესაძლოა ეს იყოს ბოლო სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები, დიპლომატიური კორპუსის წინაშე, ერთმანეთს თავიანთ ინიციატივების საბოლოო ვერსიებს წარუდგენენ.

 

 


close დახურვა