logo
ENG



ოპოზიცია: ასეთი მწვავე და კრიტიკული ვაშინგტონი შევარდნაძის მმართველობის დროსაც არ ყოფილა

22 იან 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ასეთი მწვავე და კრიტიკული ვაშინგტონი შევარდნაძის მმართველობის დროსაც არ ყოფილა. ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შეუქცევადი საერთაშორისო იზოლაცია დაწყებულია. იმ ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა კი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ პარტნიორების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, შესაძლოა, ამერიკის მხარდაჭერის აქტის დამტკიცებას საფრთხეს უქმნიდეს. 

კონგრესმენების წერილის ადრესატი ისევ პრემიერ-მინისტრია. ეს ნიშნავს იმას რომ ის ამერიკიდან კონკრეტულ მისამართზე გაიგზავნა - ინგოროყვას შვიდში, იქ სადაც მთავრობის მეთაურის კაბინეტია. თუმცა გახარიას ადმინისტრაციამ ფაქტი დამალა; - წერილის ამბავი თავად კონგრესმენმა კინზინგერმა გაახმოვანა. ახლა ამის გამო „ოცნების“ მთავრობას ყოფილი თანაგუნდელებიც აკრიტიკებენ. მათ შორის არის თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ამბობს რომ კანცელარიას საჯარო დოკუმენტების დამალვის უფლება არ აქვს. 

ეს შესაძლოა ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება იყოს - ასე ექსპერტები ფიქრობენ. ალექსი პეტრიაშვილი 2001- 2002 წლებში ვაშინგტონში მუშაობდა, ის ამბობს, რომ ასეთი მწვავე შტატები შევარდნაძის ხელისუფლების მიმართაც არ ყოფილა. პოლიტოლოგები „ოცნებას" კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ - შეცვალოს საარჩევნო სისტემა და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, წინააღმდეგ შემთხევაში, ექსპერტები შიშობენ, რომ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც უკვე ინიცირებულია, არ დამტკიცდება. 

თუმცა „ოცნება" არც ექსპერტების რეკომენდაციას ითვალისწინებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ცალკეული კონგრესმენების კრიტიკაა და ამერიკის პოზიციას არ ასახავს. არადა „შეშფოთებული“ კონგრესმენების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„ოცნების" მთავრობა მხოლოდ ამერიკის კრიტიკის ობიექტი არ არის. მწვავე დებატები ბრიუსელშიც გაიმართა. ხელისუფლების წევრებს ევროპარლამენტართა კრიტიკულ შეკითხვებზე მოუხდათ პასუხის გაცემა.

„ქართული ოცნება“ ვაშინგტონში მორიგი ვიზიტისთვის ემზადება. საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში გაზაფხულზე გაემგზავრება.


close დახურვა