logo
ENG



ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმაზე: კრიზისთან გასამკლავებლად საჭირო რეზერვები ჩვენ არ გვაქვს

13 მარ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

კრიზისული სიტუაციის დასაძლევად მთავრობის სამოქმედო გეგმა კვლავ გაურკვეველია. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კაბინეტს გეგმის მოსაფიქრებლად ვადა გუშინ საღამომდე მისცა. მთავრობის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ გეგმა არსებობს, თუმცა როდის გასაჯაროვდება ეს არავინ იცის. მინისტრთა კაბინეტის ახალმა გეგმამ ეკონომიკის სტიმულირება უნდა მოახდინოს. აღსანიშნავია, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მთავრობის განცხადებით შეღავათები ძირითადად შეეხება ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს. 

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები კი ელოდებიან ანტიკრიზისულ გეგმას. მათივე შეფასებით ზარალი უკვე დიდია, ამიტომ გეგმაც შესაძლოა დაგვიანებული იყოს. 

"8 წელია ვალების აღების მეტი არაფერი გაუკეთებიათ და ეკონომიკური ზრდა იყო იმდენად დაბალი, რომ კრიზისთან გასამკლავებლად საჭირო რეზერვები ჩვენ არ გვაქვს. სწორედ ესაა, რომ ამ მძიმე კრიზისის დროს აღმოვჩნდით იმ მთავრობის ხელში, რომელმაც არამხოლოდ რაიმე გაეკეთებინა, არამედ პირიქით - ძალიან დაასუსტა ჩვენი ეკონომიკა",-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებულ ზიანს ბიზნესს მიაყენებს. შესაბამისად ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ადეკვატური ნაბიჯები.

"ნებისმიერი დაგვიანებული მოქმედება შედეგს ვერ მოიტანს. არ შეიძლება, რომ პრობლემას უკან მისდიო. მან წინ უნდა ახვდე, მომზადებული. მათ შორის კორონავირუსის პრობლემა პირდაპირ ურტყამს ბიზნესს და ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა მთლიანად არ ჩამოინგრეს და განადგურდეს ეკონომიკა საქართველოში",-განმარტავს ზურაბ მელიქიშვილი. 

პარტიაში "ლელო საქართველოსთვის" კი მიაჩნიათ, რომ სამოქმედო გეგმა ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს და დოკუმენტში აღინიშნოს ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბიუროკრატიული ხარჯები; ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. 

"მთავრობა როგორც იქნა გამოფხიზლდა და მიხვდა იმას, რომ შესაძლოა ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შექმნას, არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს. სხვა ქვეყნების მთავრობები უკვე დიდი ხანია მსჯელობენ ანტიკრიზისულ გეგმაზე და საქართველოს მთავრობამ ახლა დაიწყო მსჯელობა. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ველოდებით სერიოზული გეგმას, რომელის სტიმულირებას გაუწევს ეკონომიკას და რომელშიც იმედია იქნება სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა, რადგან გაბერილი ხარჯები უნდა შემცირდეს. მაქისმალურად ნდა დავეხმაროთ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს, რომელიც დღეს ყველაზე კრიზისულ სიტუაციაშია",-აცხადებს გიგლა მიქაუტაძე. 


close დახურვა