რუსეთთან მიმოსვლის შეჩერების თემას დღეს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.
ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას ხელისუფლება რუსეთთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც საზღვრები სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან უკვე ჩაკეტილია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული მონაცემები ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, საეჭვოა.
"ასეთი კრიზისების დროს, მოსახლეობას და სხვა სახელმწიფოებსაც ვერ ექნებათ სანდო ინფორმაცია, თუნდაც სტატისტიკა, ქვეყანაში დაინფიცირებულთა შესახებ. რუსეთში ინფორმაცია არის საკმაოდ დახურული და ამ პირობებში, მეზობელმა სახელმწიფოებმა არ იციან ვითარების შესახებ", - აღნიშნა "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლისვილმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, საქართველომ რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარი ჩაკეტა. მიმოსვლა შეჩერებულია მათ შორის აზერბაიჯანთან და სომხეთთან, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთის ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით ბევრად მცირეა.