საპარლამენტო ოპოზიცია განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ზუგდიდის მე-6 სკოლის პედაგოგ, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს უკავშირებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები აცხადებენ, ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ავტორი მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი "ფორმულასთან" საუბარში განმარტავს, რომ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ივანიშვილი მზად არის მინისტრები თანამდებობიდან გადააყენოს.
"პრინციპულად აქ არავინ იცვლება და სულ ერთია ვინ შეასრულებს მინისტრის მოვალეობას. ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე, რომელ ფიგურას, პაიკი იქნება ეს, ცხენი თუ ტურა, გაწირავენ, ან შემოიყვანენ, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პოლიტიკას განსაზღვრავს ივანიშვილი. მისი პოლიტიკა არის ქვეყნის საზიანო", - განაცხადა რატიანმა.
ამავე საკითხზე კომენტარი "ფორმულასთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ია კერზაიას წინააღმდეგ ქმედებები მიზანმიმართული და პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
"ასეთი კოორდინირებული მოქმედებები სახელმწიფო უწყებაში მეტყველებს იმაზე, რომ კერზაიას წინააღმდეგ ყველა ქმედება მიზანმიმართული იყო და ეს მოქმედებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამას დაადგენს სტრასბურგის სასამართლოც. ამიტომ გადაწყვიტა სავარაუდოდ ივანიშვილმა, რომ იმიჯშელახული, ზონდერ მინისტრი საზოგადოებრივ თვალს ჩამოაშოროს, მაგრამ იგივე დავალებებით დანიშნოს ახალი მინისტრი, 2020 წლის არჩევნებისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ.