logo
ENG



ოპოზიცია და უმრავლესობა მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ხვალ გამართავს

14 დეკ 201919:21
3 წუთის საკითხავი
 
5a3q26856qq46iq.jpg

დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, ოპოზიცია და უმრავლესობა მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავს. შეხვედრა, რომელზეც  საარჩევნო სისტემაზე იმსჯელებენ, ხვალ გაიმართება. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარება რჩება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად და ხვალინდელ შეხვედრაზე უმრავლესობისგან სწორედ ამ საკითხზე ელოდებიან მოსაზრებებს. შესაძლოა, შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივა დააყენოს, რომლის მიხედვით, 2020-დან 2024 წლამდე პერიოდში ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში კენჭისყრა შერეული და არა პროპორციული სისტემით შეიძლება, გაიმართოს. ამ ინიციატივის განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლების მიტაცებას ცდილობს.  

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების ფორმატის გაფართოებას და მასში სამოქალაქო სექტორის ჩართვასაც ითხოვენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა და გერმანული მოდელიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. შეხვედრიდან კონკრეტულ შედეგს არ ელოდებიან და გერმანულ მოდელზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის - ოდირის დასკვნას ელოდებიან. 

"ქართლი ოცნების" წევრები არ გამორიცხავენ, რომ შეხვედრაზე ოპოზიციას ახალი ინიციატივები შესთავაზონ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ინიციატივა, რომელიც შერეული სისტემის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის ცვლილებას გულისხმობს, დესტრუქციული ქმედებების თვიდან არიდების გარანტიაა. 

ხვალინდელ შეხვედრაზე ოპოზიცია გეგმავს, კიდევ ერთხელ დააყენოს დიალოგის პროცესში სამოქალაქო აქტივისტების ჩართვის საკითხი. ამაზე უმრავლესობისგან ამ დრომდე თანხმობა არ მიუღია. მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 12:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა