logo
ENG



ოპოზიცია თეა წულუკიანზე: თანამდებობები შეინარჩუნონ და ყველაფერზე მზად არიან

06 თებ 202017:55
3 წუთის საკითხავი
 

გიგა ბოკერიას მიმართ, თეა წულუკიანის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, ადრესატის შემდეგ, მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფი, ოპოზიციის სხვა ლიდერები გამოეხმაურნენ. ისინი წულუკიანის ბრალდებას, მუქარასთან დაკავშირებით უარყოფენ.

"თანამდებობები შეინარჩუნონ და ყველაფერზე მზად არიან, ყველაფერს მოაწერენ ხელს. ყველაფერს გაყიდიან, საკუთარ თავსაც გაყიდიან და სინდისაც გაყიდიან. ტყუილებს რაღაც ზღვარი ხომ უნდა ქონდეს? სხვა გზა არ აქვთ. ეუთო/ოდირის დასკვნა მივიღეთ და ჩვენ მზად ვართ იქ არსებული ექვსივე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. ისინი ამბობენ, რომ არაფერს ვიზამთ. ამაზე კიდევ უფრო მძაფრ რეაქციას მიიღებენ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რაღაცა თემის გადასაფარად, ათას სისულელეს იგონებენ",- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია რომ წულუკიანმა ყველა კრიტერიუმი დაარღვია. მისივე განცხადებით, ყველაზე მწვავე მათი მხრიდან შეხვედრებზე ის იყო გაჟღერებული, რომ თუ ხელისუფლება არ მოვა გონს, მაშინ შეიძლება ქვეყანა არასტაბილურობის წინაშე აღმოჩნდეს.

„ასეც რომ ყოფილიყო მას არ ჰქონდა ამის თქმის მორალური უფლება, იმიტომ, რომ შეთანხმება არის ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ელჩებს შორის, რომ შიგნით ნათქვამი სიტყვები არ უნდა იქნას გარეთ გამოტანილი. მორალურად, პოლიტიკურად, ადამიანურად კიდეც, რომ ყოფილიყო ესეთი რამ ქალბატონ წულუკიანს არ უნდა ეთქვა. მან ყველა კრიტერიუმები დაარღვია. თან ცრუობს იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ყველაზე მწვავე რაც იყო ხოლმე ამ შეხვედრებზე ჩვენი მხრიდან და მათ შორის ჩემი მხრიდანაც, იყო განცხადება, რომ თუ ხელისუფლება არ მოვა გონს, სამწუხაროდ შეიძლება ქვეყანა არასტაბილურობის წინაშე აღმოჩნდეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ოპოზიციონერი დეპუტატი მუქარაში დაადანაშაულა. წულუკიანის მტკიცებით, დეპუტატი დახურულ შეხვედრაზე მას თითის ქნევით ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის დათმობაზე არ წავა, ისინი "ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ". 


close დახურვა