logo
ENG



ოპოზიცია ლელოს ოფისში ხელისუფლებასთან შეხვედრის III რაუნდზე მსჯელობს

06 დეკ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/06/gib95eae88r05v0.png

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლელოს ოფისში იკრიბებიან. 

ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრის III რაუნდის შესახებ იმსჯელებენ. 

შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ განიხილავენ ქართული ოცნების მხრიდან შესაძლო პასუხს მათ მიერ წარდგენილ წინადადებაზე, მათ შორის პლებისციტის შესახებ.

"მორიგჯერ გავივლით ყველა პოზიციას, რომ მოვემზადოთ იმ შეხვედრისთვის, რომელიც სავარაუდოდ ჩატარდება ერთ-ორ დღეში. ახლა გავივლით დეტალებს, რა შეიძლება იყოს მათი სავარაუდო პასუხი. ჩვენი პოზიცია პარლამენტში შესვლაზე რჩება უცვლელი". - თქვა სერგი კაპანაძემ. 

ალეკო ელისაშვილის თქმით კი, ოპოზიციური პარტიები ზოგიერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან. 

საქმე სავარაუდოდ პლებისციტის საკითხს ეხება. 

"სხვადასხვა პარტიის ხალხი ვართ, ისეთი ხალხი, რომლებსაც ერთმანეთიც არ გვიყვარს დიდად და ერთმანეთს ბევრ საკითხზე არ ვეთანხმებით. აქამდე ვახერხებდით შეჯერებას ვერ საკითხზე, დღეს მოხერხდება თუ არა, მერე გეტყვით". - თქვა ელისაშვილმა. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი. 

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება. 

ქართული ოცნება ოპოზიციის მიმართვას წერილობით არ გამოხმაურებია. მამრთველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა