მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ სამართალდამცავ უწყებებს მაჩალიკაშვილის საქმეზე გარკვეული კითხვები ჰქონდათ, მაგრამ მთავარ პრობლემას რეაგირების ფორმებში ხედავენ. მათი შეფასებით, რადგან ხელისუფლება არაა დაინტერესებული საქმის რეალური გამოძიებით, სტრასბურგის სასამართლოში სიმართლე გაირკვევა.
"მთავარი კითხვები ეხება თვითონ დაკავების დროს ძალის გადამეტებას. თემრილან მაჩალიკაშვილის სახლში როცა შევიდნენ, მას ესროლეს საწოლში და შემდგომ ამას დაუმატეს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. როცა სახელმწიფო ასე იქცევა, როცა სიმართლეს არ ან ვერ ადგენს პროკურატურა, როცა უარს ამბობს გამოძიებაზე პარლამენტი, რჩება სტრასბურგის სასამართლო. სახელმწიფო წააგებს ამ დავას, რადგან სიცოცხლის უფლების ხელყოფას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვა, გამოყენებული ძალის პროპორციულობა და მეორე - თვითონ ხელყოფის ფაქტის სრულფასოვანი გამოძიება",-აცხადებს ოთარ კახიძე.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მოქმედი პარლამენტის სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიაც აუცილებლად შეიქმნება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს უკვე ორი წელია ითხოვენ, ხელისუფლება მას არ თანხდება. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა.
"ის, რომ ხელისუფლება დამნაშავეა მაჩალიკაშვილის მკვლელობაში, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თავად ხელისუფლება ადასტურებს ამას იმით, რომ არ იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ვითხოვთ, რამდენჯერმე შევიტანეთ ამის შესახებ განაცხადი, მაგრამ ორივეჯერ უარი გვითხრა ხელისუფლებამ. ეს იმის დასტურია, რომ მათ ეშინიათ ობიექტური, დამოუკიდებელი კომისიის შექმნისა. დამნაშავეა ხელისუფლება და ადრე თუ გვიან ყველა დაისჯება. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ პარლამენტს ძალიან ცოტა დრო დარჩა სამუშაო ვადა, ხუთ თვემდე და აუცილებლად შეიქმნება მომავალ პარლამენტში დროებითი კომისია. აუცილებლად დადასტურდება, რაც ისედაც ყველამ იცის, რომ ხელისუფლება და მისი წარმომადგენლობა მაჩალიკაშვილის მკლელობაში დამნაშავეა",-აცხადებს რომან გოცირიძე.
მაჩალიკაშვილის საქმეში ყველაფერი გასაგებია თავად მმართველი ძალისთვის. როგორც ხელისუფლების წარმომდგენლები აცხადებენ, ყველა კითხვას თავის დროზე პასუხი გაეცა, ამიტომ საქმე დამატებით გამოძიებას არ საჭიროებს.
"მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დიდი ხანია დასკვნა წარმოადგინა. ჩვენ დამატებით ამ საქმესთან, ზოგადად ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტმა, მათ შორის ოპოზიციამ, მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. გავეცანით საიდუმლო დოკუმენტაციას. ჩემთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ისევე როგორც არ მაქვს საფუძველი არ ვენდო პროკურატურის დასკვნას",-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალები შეისწავლა და როგორც ირკვევა, მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არსებობს სერიოზული კითხვები.
თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი კი კვლავ აცხადებს, რომ თემირლანი საქმეში უდანაშაულოა და სისტემას ტყუილში ადანაშაულებს.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საძნებელში თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
2020 წლის 28 იანვარს მაჩალიკაშვილის საქმე დაიხურა.