ოპონენტები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საჯარო დებატებში იწვევენ. ოპოზიციის გაღიზიანება ეკონომიკის მინისტრის მიერ, დღეს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ნათია თურნავამ პოლიტიკური ოპონენტების მიერ, ანტიკრიზისული სამთავრობო გეგმის კრიტიკას პოლიტიკური სპეკულაცია და პოპულიზმი უწოდა. მინისტრმა პოლიტიკური ოპონენტები კრიზისული ვითარების პოლიტიკური ქულებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ნაწილი, რომელიც ოპონენტებს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზია, დღეს მინისტრმა კიდევ ერთხელ წარადგინა და ბიზნესს დახმარებას დაპირდა. სესხების რესტრუქტურიზაცია, სასესხო პროცენტის სუბსიდირება, შეღავათიან სესხებზე შუამდგომლობა - ეს პროგრამის ნაწილია. პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გეგმაში ბევრი შავი ხვრელია , რადგან კონკრეტულად არავინ იცის - რის მიხედვით შეარჩევს მთავრობა ბენეფიციარებს.
როდის დაიწყება ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით უცნობია. მმართველ გუნდში აღიარებენ, რომ დანაკარგი დიდია და ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს სავარაუდოდ 4%- ით შემცირდება.
მთავრობა აანონსებს, რომ ახლა ტურიზმის სექტორის დახმარების გეგმაზე ცალკე მუშაობს. რადგან ყველაზე დიდი დარტყმა ეკონომიკას სწორედ ამ სფეროს გაჩერებამ მიაყენა.