logo
ENG



ოპოზიცია მსჯელობს, როგორ შეხვდება ერთპარტიული პარლამენტის შეკრებას

28 ნოე 202014:18
3 წუთის საკითხავი
 

ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან

ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტიები იმსჯელებენ, რა ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია ქართული ოცნების პარლამენტის შეკრების პირველ დღეს.

გამორიცხული არც საპროტესტო აქციაა, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, ერთპარტიულ პარლამენტს არალეგიტიმურად სცნობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. 

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს - მისი თარიღი ჯერ უცნობია. თუმცა, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა და პოზიცია უცვლელია - ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. 

"ჩვენი მხრიდან კომპრომისული წინადადება არის ის, რაზეც უნდა მივიღოთ პასუხი შემდეგ რაუნდზე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან - ვადამდელი არჩევნები და ამ ქოლგის ქვეშ ცესკოში სტრუქტურული ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომ გვქონდეს შემდეგი, არსებითად ნორმალური არჩევნები. ამ ფარგლებში უნდა მოვისმინოთ "ოცნების" საპასუხო წინადადება". - თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია ბოიკოტის რეჟიმთან დაკავშირებით მყარია და იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ სასურველი შედეგი არ დადგება. 

"სამწუხაროა, ყოველ დღე, სანამ ეს კაცია ქვეყანაში და სანამ ეს ვითარებაა, ამის ფასს იხდის ქვეყანა, ეს იქნება ეკონომიკის თუ ჯანმრთელობის კუთხით. და ეს ზიანი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს კაცი და მისი გარემოცვა არის ხელისუფლებაში. ქვეყანას ამ ვითარებიდან გამოსასვლელად სჭირდება ახალი არჩევნები. ოპოზიცია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს განგრძობით პროტესტში იმდენი ხანი, რამდენი ხანიც დასჭირდება მ ვითარებას, ამ წნეხს ქვეყნის შიგნიდან და გარედან". - თქვა მან. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა და მხარდამჭერებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 

როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნებით გაიმართა საპროტესტო აქციები. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტია მიუღებელი. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ მოთხოვნებსა და გადაწყვეტილებაზე უარის თქმას არ აპირებენ და კვლავ ითხოვენ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს. 


close დახურვა