ოპოზიციური პარტიები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებენ.
განცხადება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით კომისიაში მუშაობა მიუღებელია, თავდაპირველად ევროპულმა საქართველომ გააკეთა.
სერგი კაპანაძემ თქვა, რომ "ეს არის ის კომისია, რომელსაც ქართული ოცნების გამორჩეული, ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ კომისიას, ისევე როგორც სხვა დანარჩენს, იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის".
მოგვიანებით გაირკვა, რომ უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უცხადებენ და ამბობენ, რომ უწყებათაშორისი კომისია არ ემსახურება იმ მიზნებს, რისთვისაც შეიქმნა.
"უწყებათაშორისი კომისია არ ემსახურება იმ მიზნებს, რომელიც გაწერილია კანონით. ეს არის ფარსი, რომელში მონაწილეობასაც ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს. არც სხვა ოპოზიციური პარტიები. ყველა ვიზიარებთ ჩვენს წუხილებს ამ კომისიასთან დაკავშირებით. ოპოზიციას გვაქვს შექმნილი ჩვენი საკოორდინაციო, ხმების დაცვის შტაბი. ამ ფორმატში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ხმები იყოს დაცული და საარჩევნო დარღვევებზე მოხდეს ეფექტიანი რეაგირება". - თქვა თინა ბოკუჩავამ.
ეკა ბესელიას განცხადებით, "უწყებათაშორისი კომისია ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია წინასაარჩევნო პერიოდში. მასი ფუნქცია უნდა იყოს საკითხების არა პარტიული დღის წესრიგით, არამედ უნდა იყოს ორგანო, რომელიც რეაგირებს ყველა რეალური დარღვევაზე, ფაქტზე, უკანონობაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, - ყველაფერზე, რომელიც არღვევს სამართლიანი არჩევნების ჩატარების წესს, სამწუხაროდ, ასეთი ნდობის მატარებელი ეს საბჭო არ არის უკვე ბევრი წელია, ამიტომ არ მიკვირს, რომ არ არის მონაწილეობის სურვილი და ნდობა".
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არჩევნების წინ იკრიბება. მას, როგორც წესი, იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის მუშაობაში პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გახდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე.