logo
ENG



წულუკიანი დეგნანზე: უცნაურია, რომ ივანიშვილთან შეხვედრას მავანი ითხოვს

28 ივლ 202200:47
3 წუთის საკითხავი
clock 1502
წულუკიანი დეგნანზე: უცნაურია, რომ ივანიშვილთან შეხვედრას მავანი ითხოვს

თეა წულუკიანი, ისევე, როგორც მისი სხვა თანაგუნდელები, შეურაცხყოფს აშშ-ის ელჩს. 

სამთავრობო ტელეარხ იმედის ეთერში კულტურის მინისტრმა კელი დეგნანს "მავანი" უწოდა. 

ის ბიძინა ივანიშვილის მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 21 მარტს კელი დეგნანს შეხვდა და ეს შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. 

წულუკიანის თქმით, ივანიშვილის განცხადებიდან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ელჩმა მოითხოვა. 

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მინისტრები და მათ შორის მეც, არა თუ სამი საათი, სამი წუთით არ შევხვედრივართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთი შეხვედრებს მავანი ითხოვს.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკური პროცესიდან გავიდა, არაერთი ოპონენტი და პარტნიორიც გამომცდელ კითხვას გვისვამს ხოლმე - როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი? უცნაურია, როდესაც ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმავე პირთან.

ეს წერილი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ [რასაკვირველია როდესაც ჩვენ ტელევიზიით ვიგებთ შევიცარიული ბანკის ამბავს და მივესალმებით, რომ სასამართლო დავაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სიმართლე დოკუმენტურად მტკიცდება და სასამართლო წესით მყარდება და გვიხარია, მაგრამ] როდესაც თავად ივანიშვილი ამბობს, რომ ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემებია და მოდით მე ამაზე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთ, ეს გარკვეულწილად ჩვენ სიმშვიდეს გვძენს, რომ პრობლემები არის, მაგრამ ფაქტია, რომ თავად ის, ვისაც პრობლემები ეხება, ცდილობს, რომ მორიგ ჯერზე გაარიდოს ეს პრობლემები საკუთარ ქვეყანას". - თქვა თეა წულუკიანმა. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად რუსეთის მხარე დაიჭირა, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთიდან სანქციები დაემუქრა. 

გარდა ამისა, დეოლიგარქიზაცია დაასახელა ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობად. 

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააძლიერეს ანტიევროპული და ანტიამერიკული რიტორიკას. ისინი დასავლეთს ბრალს სდებენ, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამ განცხადებებს კელი დეგნანმა "დეზინფორმაცია და რუსული ფსბ-ის მეთოდები უწოდა". 

რაც შეეხება ივანიშვილის კელი დეგნანთან შეხვედრას - ამის შესახებ თავდაპირველად მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ აშშ-ის ელჩმა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი დააშანტაჟა. 

27 ივლისს, მას შემდეგ, რაც დეგნანთან შეხვედრა ივანიშვილმა დაადასტურა, მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის ელჩმა მმართველი პარტიის დამფუძნებელს "მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა". 


close დახურვა