საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრები ქალების მხრიდან შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებას ეხმაურებიან და საბჭოს მოუწოდებენ, ქალებს მხარი დაუჭიროს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური წევრების თქმით, საბჭოს დატოვებას განიხილავენ.
საბჭოს ოპოზიციური წევრები აცხადებენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი წარმოადგენს ქართული ოცნების პროპაგანდისტი ტელევიზიის დამფუძნებელს და ტელეწამყვანს ხელისუფლებას და მათ შორის თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს მოწოდებების მიუხედავად ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებიათ და არც სხდომა ჩაუნიშნავთ.
"ჩვენთვის, როგორც გენდერული საბჭოს ოპოზიციური წარმომადგენლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგამყოფზეა და თან ევროკომისიის რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეხება, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს ობიექტური გამოძიებისკენ და ქალებს აღმოუჩინოს მხარდაჭერა და გამოუცხადოს სოლიდარობა, რადგან ეს ფაქტი გახდეს წამახალისებელი სხვა ქალებისთვის ვისაც, ჯერ არ გამოუჩენიათ გამბედაობა, რომ საჯაროდ მსგავსი სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე ისაუბრონ“ - განაცხადა საბჭოს წევრმა, ნინო წულაძემ.
პარტია ანა დოლიძე - ხალხისთვის წევრმა, ნინო წულაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გენდერული საბჭო მათი მოწოდების მიუხედავად არ დააფიქსირებს პოზიციას და არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ "ის იმართება ქართული ოცნების და პოს ტვ-ის დირექტივებით და შესაბამისად, მთელი საბჭოს მუშაობა გახდება ფორმალური“. ოპოზიციური წევრები მათი მოწოდების უგულებელყოფის შემთხვევაში საბჭოს დატოვებას განიხილავენ.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსგანაც მოითხოვენ საკითხის სწრაფ განხილვას, რეაგირებასა და ქალების მხარდაჭერას, ვინაიდან "მათი ვალდებულებაა უზრუნველყონ მუნიციპალიტეტში უპირველესად გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია მოახდინონ".
საკრებულოს წევრების თქმით, გამოძიებისკენ მოწოდების ნაცვლად, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს ცალკეული წევრები, მათ შორის ნინო წილოსანი აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც "მიმართულია მსხვერპლი ქალების დაკნინებისკენ, დამცირებისკენ და შეურაცხყოფისკენ".
ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ პოს ტვ-ის ტელეწამყვანი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროების ბრალდებით ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."
26 მარტს, POSTV-ის მხრიდან მორიგი თავდასხმის შემდეგ სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
თათია სამხარაძის თქმით, ის, როგორც ქალთა უფლებადამცველი საქართველოში, საფრთხეშია.