თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს იმედი გაუცრუვდა და ვერ გააჩინა ბზარი ოპოზიციურ ერთობაში. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, ნებისმიერი სისტემით დაამარცხოს ხელისუფლება და ეს მიდგომა არ შეიცვლება.
„ქართული ოცნება“ საუბრობდა, რომ მოლაპარაკების ვადა და ფანჯარა იწურებოდა ხვალ, მაგრამ კანონის მიხედვით 11 მარტს იხურება შესაძლებლობების ფანჯარა. შეუძლია ივანიშვილს უგულებელყოს ეს ჩანაწერი, მაგრამ რეალურად მას რამდენიმე დღე რჩება. ოპოზიციამ შეინარჩუნა ერთობა, რაც დიდი იმედგაცრუებაა მისთვის. მისი იმედი იყო, რომ ყოველი მოლაპარაკებების შემდეგ ბზარს შემოიტანდა ოპოზიციაში. გარდა მორალური ვალდებულებებისა, პარტიებს გვაქვს პრაგმატული ინტერესიც - ამ ხელისუფლების დამარცხება ნებისმიერი სისტემით ერთიანი ფრონტით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ დიალოგის გასაგრძელებლად ყველა პირობა დააკმაყოფილეს. კერძოდ, მათი შეთავაზება არჩევნების 110/40-ზე პრინციპით ჩატარებას და 40%-იანი ბარიერის დაწესებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ის მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს. თუმცა ოპოზიციური პარტიები ამ მოდელზე არ არიან თანახმა და აცხადებენ, რომ ეს „რიცხვებით ვაჭრობაა", რაც მიუღებელია.