logo
ENG



ოპოზიციას არ სჯერა, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებები ნამდვილად სურს

13 მაი 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ტყუილმა სრული ოპოზიციური სპექტრი ახალი ძალებით გააერთიანა. 8 მარტის პირობების სრულად შესრულებამდე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო რეფორმას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება კი კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკურ დევნას ქვეყანაში. პარტნიორებისა და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნაზე ხისტ უარზე საპასუხოდ შესაძლოა, სულ მალე საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, მასშტაბური აქცია დაიგეგმოს. 

ორთვიანი პაუზის შემდეგ ოპოზიცია დღეს პირველად, ისევ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბა. ორსაათინი კონსულტაციები კონკრეტული შედეგით დასრულდა. საერთო განცხადებასთან ერთად ოპოზიციამ ახალი საპროტესტო ტალღისთვის მზადებაც დაიწყო.

ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ოპოზიციის გარეშე ნამდვილად შეუძლია, თუმცა ამისთვის კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და ე. წ ამბოხებული დეპუტატები, ასევე გუნდიდან წასულები შემოირიგოს. მათ შორის არის ეკა ბესელია. დეპუტატი რომელიც ახლა ოპოზიციურ კონსულტაციებში მონაწილეობს. ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას საბაბი არ უნდა მისცეს და კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, თუმცა ეკა ბესელია გადაწყვეტილებას ოპოზიციის საერთო პოზიციიდან გამომდინარე მიიღებს.

„ქართული ოცნება“ თავდასხმას, ისევ თავდაცვის იარაღად იყენებს, არც ბრალდების ნაწილს ცვლის. ხელისუფლება დღესაც ამტკიცებს რომ შეთანხმებას ოპოზიცია არღვევს. მეტი დამაჯერებლობისთვის არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დღის წესრიგზეც ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ განხილვები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდება.

ოპოზიციას არ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებები ნამდვილად სურს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არჩევნების მოქმედი შერეული სისტემით ჩატარება ხელს აძლევს, მმართველი გუნდია. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხელ უკვე ჩააგდო - თუმცა ეს მაშინ ე.წ ამბოხებულ დეპუტატებს დააბრალა.


close დახურვა