ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ალიანსმა ბრიფინგი გამართა. ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ახალი კამპანიის წამოწყება დააანონსა.
კერძოდ, ნიკა გვარამიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობას არ აპირებენ - ოპოზიცია იქნება ყველგან: "სასამართლო დარბაზებში, ბათუმში, და რაც მთავარია, ქუჩაში - თბილისში".
ამასთან, მან 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია-კამპანიის დაწყება დაანონსა, რომლის მიზანიც, 28 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციის გამართვაა.
ნიკა გვარამიას განცხადება, სრულად:
"ოპოზიციის ალიანსი აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ, ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას. ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით უარი ვთქვით, რადგან ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და მიიტაცა ქვეყანა. ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, მაგრამ ის რაღაც დღეს ხდება, არ არის ჩვენთვის თანამდებობების წართმევა - ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, ჩვენი დიდი წინაპრებისთვის და დიდი ქართული ისტორიისთვის მთავარი ოცნების - ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა.
ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა, ჩვენი მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა, ჩვენი პენსიონერებისთვის მაღალი პენსიის წართმევა, სამაგიეროდ თავად, უმაღლესი ხელფასის დანიშვნა. ეს არის ჩვენი დიასახლებისთვის პროდუქტებზე ფასების წართმევა, ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქები და ქართველებისთვის - მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა და მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად. ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის წართმევა.
ეს არის ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრის წართმევა და დატოვება მხოლოდ რუსული ბაზრის ამარა, რომელიც გუშინ წინ ქართველი ფერმერებისთვის დაიხურა, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა და ვიღაცას ასე დასჭირდა. ეს არის ჟურნალისტებისთვის თავისუფალი სიტყვის წართმევა და აკრძალულ სიტყვათა ინდექსის დაწესება. ეს არის სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბრწყინვალე ტვინებისთვის სამშობლოსთვის მსახურების უფლების წართმევა.
ის, რაც მოხდა 25 და 26 ოქტომბერს, 2024 წლის, ეს იყო არა ჩვენი თანამდებობების წართმევა, არამედ მითვისება ქვეყნის ქართული ოცნების მხრიდან, რადგან გაგრძლდეს კორუფცია, იმიტომ რომ გაგრძელდეს თქვენი ძარცვა, გაგრძელდეს მათ მიერ დიდი ფულის შოვნა და ჩვენ აქედან რა მივიღეთ, უკვე გითხარით.
ამიტომაც, ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში, და რაც მთავარია, ქუჩაში, თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს, უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით - საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების.
ამიტომ, ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას, 25-ში, კვირა დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, საღამოს 7 საათზე. გელით ყველას, ეს არის ყველა ჩვენგანის დღე. ამას გვართმევენ ყველას, ყველას გვართმევენ სამშობლოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
