ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იბარებს. ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე პარტია საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ გააკეთეს.
მათი თქმით, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ტერორთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა.
"ეს, პირველ რიგში, ეხება ბუნებრივია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც ჩვენ დღეს შესაბამის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე წერილობითი მიმართვით ვიბარებთ პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე, იმისთვის, რომ მას არ დარჩეს სივრცე, აიღოს საჯარო პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე, იმისთვის, რომ არა Facebook-პოსტებით განაახლოს ინფორმაცია მიმდინარე საქმეებზე, არამედ კონკრეტული პასუხისმგებლობის ფარგლებში მოახსენოს საზოგადოებას, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ამ საქმეების გამოძიების და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დასაყენებლად", - თქვა ლილუაშვილმა.
თეონა აქუბარდიას განცხადებით, სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება.
"ის სამსახური, რომელიც შექმნა ოცნებამ და ვხედავთ, რომ არ იძიებს შესაბამის დანაშაულებს პოლიციელების მხრიდან, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არის პოლიტიკური ნების გამტარებელი [...] ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში, ამ საკითხებზე გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს და არც ერთი დამდგარი შედეგი არ არის. ამიტომ, ვალდებულია სპეციალური საგამოძიებოს უფროსი, მოვიდეს უფლებათა დაცვის კომიტეტზე და ყველა იმ კითხვაზე, მე ხელში მაქვს 3-გვერდიანი კითხვები, რომელიც მას ეგზავნება, გასცეს პასუხი და აიღოს პასუხისმგებლობა", - აღნიშნა მან.