მოსახლეობა ანას ბაღის მიმდებარედ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებისთვის ემზადება. სკვერში მშენებლობის გაგრძელების უფლება დავის დასრულებამდე სააპელაციო სასამართლომ კერძო კომპანიას მისცა. ადგილობრივების მწვავე პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ ზეპირი მოსმენის საფუძველზე, განხილვის გარეშე, პანდემიის დროს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები ერთადერთ სარეკრეაციო სივრცეს კარგავენ.
3 წლიანი აქციებისა და 3 თვიანი მსჯელობის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე გააუქმა. კომპანიას სახელწოდებით „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ სამუშაოების გაგრძელების ნებართვა სასამართლომ დავის დასრულებამდე მისცა.
„ანას ბაღის“ მცველები „ფორმულსთან“ საუბარში იხსენებენ აქციებს, ფიზიკურ ძალადობას, დარბევებს, თუმცა დანებებას მაინც არ აპირებენ. მათი განცხადებით, აქციები აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.
სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძეს თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. აქტივისტი საგანგებო მდგომარეობის დროს ონლაინ პროტესტს, მის გასვლის შემდეგ კი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
ოპოზიციურ პარტიები „ანას ბაღის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს კორუფციულ სქემად აფასებენ, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული. ანას ბაღის დასაცავად ბრძოლის გაგრძელებას პოლიტიკოსებიც გეგმავენ.
„ანას ბაღის“ დამცველები აქციების პარალელურად სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მათი წარმომადგენლები უახლოეს დღეებში გაასაჩივრებენ.