logo
ENG



ოპოზიციური პარტიები: რურუასთვის პატიმრობის მისჯა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

31 ივლ 202009:43
3 წუთის საკითხავი
clock 367

„რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - ოპოზიციური პარტიები გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანებიან. გავრცელებული განცხადების მიხედვით, გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის, რასაც საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ.

„გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე. ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.

სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება“, - წერია განცხადებაში.

განცხადებას 20 ოპოზიციური პარტია ავრცელებს: „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.


close დახურვა