logo
ENG



ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ

15 მარ 202317:30
3 წუთის საკითხავი
 

სამი პარტიის, გირჩი - მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და დროას წარმომადგენლები ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ. მათ სტრასბურგში მთელი დღის განმავლობაში აქვთ შეხვედრები დაგეგმილი და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებს ხვდებიან. მსგავსი შეხვედრები გაიმართება ბრიუსელშიც.

"ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს, რომ დავუდასტუროთ, არ ვაპირებთ გაჩერებას და ვიბრძოლებთ კანდიდატის სტატუსისთვის, ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის. აქ არის ძალიან კონკრეტული ბარიერები, რაც ევროპამ ძალიან კარგად იცის, ის ვალდებულებები, რაც უნდა შესრულდეს და ჩვენი ამოცანაა, ვაიძულოთ, მივაწვეთ ბოლომდე, რომ ეს ბარიერები მოიხსნას. ასევე, კონკრეტულად გვქონდა საუბარი, რომ დაუშვებელია აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დევნა და ჩვენს პოზიციებს აბსოლუტურად იზიარებენ", - განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

გირჩი - მეტი თავისუფლების ინფორმაციით, ისინი უკვე შეხვდნენ ევროპარლამენტარს და ALDE-ს პრეზიდენტს. პარტიის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი დარბევები იყო.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ცნობით, ALDE-ს პრეზიდენტთან შეთანხმდნენ, რომ საქართველოში ევროპარლამენტიდან სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ყველა მხარეს გაესაუბრება და დასკვნებს გააკეთებენ, რა ხდება საქართველოში.

სამი პარტიის ლიდერები სტრასბურგში გუშინ გაემგზავრნენ. იქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ციკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე.


close დახურვა