logo
ENG



ოპოზიციური ფლანგი რაც უფრო გაძლიერდება, უკეთესია-ვაშაძე ელისაშვილის ახალ პლატფორმაზე

18 ივნ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძის და ლევან კობერიძის ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას ოპოზიცია ეხმაურება. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებში აქტიური არ იყო, შესაბამისად, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ელისაშვილის პროცესში ჩართულობის მოლოდინი არ ჰქონია. 

"ჰიპოტეტურ საკითხებზე მე არ უნდა ვისაუბრო. თვითონ უნდა თქვან როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს. ბატონი ელისაშვილიც კი აქტიურად არ მონაწილეობდა ამ პროცესებში. პასიური იყო ყოველთვის. ამიტომ მოლოდინი არ იყო, რომ ამ პროცესის ნაწილი იქნება“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ელისაშვილის პლატფორმასთან თანამშრომლობას აპირებს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ვაშაძის თქმით, მისი პარტია ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს, თანამშრომლობისთვის მზად არის. 

"ოპოზიციური ფლანგი რაც უფრო გაძლიერდება, უკეთესია. რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება, რომელიც მიზიდულობის ცენტრს შექმნის, უკეთესია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს - რა გზას აირჩევენ და რა მიმართულებით განვითარდებიან. საერთოდ არანაირი კონსულტაცია არ მქონია ამ ჯგუფთან. ოპოზიციურ ფლანგზე ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის კონსოლიდირებაზე საუბრობს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავაც. იგი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური სპექტრი უნდა გაძლიერდეს, რათა ოლიგარქიული რეჟიმი დაამარცხოს. 

"ოპოზიციის კონსოლიდირებაა საჭირო, რათა ერთიანი ძალებით იყოს შესაძლებელი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება. ვინც ამაში წვლილს შეიტანს, ამომრჩევლის მხრიდან ესეც სათანადოდ იქნება აღქმული“, - ამბობს გუგავა. 


close დახურვა