logo
ENG



ორ დღიანი დაკვირვების შედეგად გადაწყდება გამკაცრდება თუ არა საყოველთაო კარანტინი

16 აპრ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

დაინფიცირებულების მკურნალობაზე პასუხისმგებლობას იღებს ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ლიმიტირებულ შესაძლებლობებს, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორშია. იმ ფონზე, როცა სულ მალე მედიკოსები მინიმუმ 2000 კოვიდ ინფიცირებულს ელოდებიან, ჯანდაცვის სისტემაში ხელოვნური სუნთქვის 1200 აპარატია.  

გამკაცრდება თუ არა ზომები და დაწესდება საყოველთაო კარანტინი, -ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ორდღიანი დაკვირვების შემდეგ გადაწყდება. მთავრობა ისეთ ზომებზეც მუშაობს ,როდესაც მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ შესაბამისი შეტყობინების საშუალებით შეეძლებათ.

ურთულეს პრობლემად რჩება ექიმების გადამზადება. მთავრობა დამატებითი საკარანტინო ზომების შემოღებაზე საუბრობს, თუმცა ოპონენტები პასუხს ჯერ იმაზე მოითხოვენ, რატომ არ ხდება უკვე არსებული აკრძალვების ეფექტიანი აღსრულება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პანდემიის აფეთქებისთვის მომზადების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დრო პიარის კეთებაზე გაფლანგა.  

ოპოზიცია , მედპერსონალის არასათანადო გადამზადებასა და ეკიპირების არასაკმარის  მარაგზეც ამახვილებს ყურადღებას. 

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა. მობილური აპლიკაცია „STOP COVID", რეგისტრირებულ მომხმარებლებს ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფრთხილებს, თუ კი შესაბამის განაცხადეს, თავად ინფიცირებული გააკეთებს - სამინისტრო ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობას, მოქალქეებს აკისრებს.

აპლიკაციის მუშაობის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება ექსპერტს ჯანდაცვის მიმართულებით, ვატო სურგულაძეს. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სადაც მოქალაქეთა დიდ ნაწილს, სახლში დარჩენის რეკომენდაციის შესრულება არ სურს, არც აპლიკაციას შეავსებენ. ექსპერტი საქართველოს მთავრობას, კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. 

ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. უკვე მეორე დღეა, გადაადგილება შეზღუდულია ქვეყნის 4 დიდ ქალაქში, საკარანტინო ზონად გამოცხადებულია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები, ასევე ქობულეთი და მის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სამი სოფელი -  ხელისუფლება კი რომელიც აქცენტს ყოველთვის ვითარების კონტროლზე აკეთებდა, უკვე მეორე დღეა ირიბად მოქალქეებს იტალიის სცენარის განვითარებაზე აფრთხილებს.  


 


close დახურვა