logo
ENG



ორაშვილი: კრიზისთან მარტო ვართ დარჩენილები და ჩვენი მომავალი ბუნდოვანია

23 ივლ 202022:45
3 წუთის საკითხავი
 
9jyzijx10m62o0d.jpg

უკვე გაუსაძლისია ის სადამსჯელო და რეპრესიული მიდგომები, რასაც სახელმწიფო საკლუბო და საფესტივალო კულტურის მიმართულებით ახორციელებს, - ამის შესახებ კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალების 10 000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით წერს. 

მისი თქმით, საქართველოში საკლუბო კულტურის მომავალი ბუნდოვანია და ერთადერთი, რაც დარჩენია, გულშემატკივრების მხარდაჭერაა, რათა გადარჩეს.

"12 მარტს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საკლუბო სცენამ საკუთარი ინიციატივით მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლიან ქმედებებს უმძიმესი შედეგები მოჰყვა, 300-ზე მეტი არტისტი და 5 000-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, 100-მდე შეკრების ადგილი თუ სივრცე მეიჯარეებთან შექმნილი პრობლემების გამო გაუჩინარების წინაშე დგას.

ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპზე ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ გარე სივრცეებში მაინც შევძლებდით შეკრებას. იმ პირობებში, როდესაც კრიზისში არცერთი ფინანსური ინსტიტუცია არ დაგვიდგა გვერდით, ისევ ჩვენი ძალებით მოვიძიეთ დამატებითი ფინანსური რესურსები, რომ გადაგვერჩინა ის საყვარელი სფერო, რომელშიც უამრავი შრომა ჩავდეთ. თუმცა ბოლო წამს დაპირებული რეგულაციები შეიცვალა და მხოლოდ 200 ადამიანის მასპინძლობის უფლება დაგვრთეს. უნდა აღინიშნოს, რომ გარე ღონისძიების ღირსეულად ჩატარებას ზუსტადე ამ რაოდენობის დასაქმებული პერსონალი სჭირდება.

ამასთან ერთად ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს შერჩევითი სამართალი, და საზოგადოებაზე ზრუნვის სახელით, როგორ ვჯარიმდებით ძალიან მაღალი გადასახადით - 10 000 ლარზე მეტი თანხით, თან იმ აბსურდული არგუმენტით, თითქოს ჩვენ კულტურულ ღონისძიებებს არ მივეკუთვნებით. იმაზე მსჯელობა თუ ვისთვის გართობაა ეს სფერო, ვისთვის "მაღალი კულტურა" შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია უამრავი ადამიანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრების ადგილების არსებობა.

ჩვენთვის, მიუღებელია ეკონომიკური საქმიანობის არამართლზომიერი შეზღუდვა, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა და ჩვენს გარშემო არსებული შერჩევითი სამართალი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამ სფეროს ენთუზიასტებისთვის ადამიანებზე ზრუნვა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა უცხო არ არის. ახლა მარტო ვართ დარჩენილები კრიზისითან, შესაბამისად ჩვენი მომავალიც ბუნდოვანია, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერაა, იმისთვის რომ გ ა დ ა ვ რ ჩ ე თ", - წერს ორაშვილი.

ცნობისთვის, კომუნა "მზესუმზირა"  17 ივნისს გამართული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი დაჯარიმების მიზეზი არის ის, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში. 


close დახურვა