logo
ENG



ორბანი: დისკრიმინაციული იყო, როდესაც სტატუსი მიენიჭა მოლდოვას, უკრაინას და არა საქართველოს

27 ოქტ 202213:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/27/vr4pfhdqjxohsd5.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება "დისკრიმინაციული" გადაწყვეტილებაა. ამაზე ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა.

"ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში, ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს, ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ბევრს მუშაობს ბევრი წელია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იყო უპატივცემულო. რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით"- აღნიშნა ორბანმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უნგრეთი არის ერთ-ერთი იმ მცირე ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების გატარებას ეწინააღმდეგება. მათ შორის უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში რუსული ნავთობისა და გაზის სრულ აკრძალვას.

ომის დაწყებამდე ორბანს პუტინთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, უნგრეთი კი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთიდან გაზის მოწოდება გაზარდა.

სექტემბერში, POLITICO წერდა, რომ უნგრეთი სანქცირებულთა სიიდან სამი რუსი ოლიგარქი ამოღებას ითხოვს.

ასევე სექტემბერში ევროკავშირის კანონმდებლებმა მიიღეს საპარლამენტო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთი 2018 წლიდან უკან იხევს დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ, "უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართული და სისტემატური ძალისხმევის შედეგად."


close დახურვა