logo
ENG



ორბანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

05 ივლ 202414:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/2w9ndd0bsaonysx.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო MTI ვიქტორ ორბანის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრესსპიკერის თქმით, ვიქტორ ორბანი მოსკოვს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეწვია. ვიზიტისას ის შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.

ვიქტორ ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 2 დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ვიქტორ ორბანი ბოლოს რუსეთში 2022 წლის სექტემბერში იყო, სადაც მიხეილ გორბაჩოვის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მას შემდეგ ის ვლადიმერ პუტინს მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეხვედრია.

ამ თვის დასაწყისიდან უნგრეთი, როტაციულად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

უკრაინაში ვიზიტის დროს უნგრეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

"ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას არ აქვს მანდატი რუსეთთან ევროკავშირის სახელით ჩართულობისთვის", - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ზე, როდესაც მოსკოვში ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა.

უნგრეთის პრემიერმინისტრი დასავლელ ლიდერებს შორის რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ან შეუფერხებია უკრაინისადმი სამხედრო დახმარება. 


close დახურვა