არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს განცხადებით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ორგანიზაციის იურისტები სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში 2-3 ოქტომბერს შეხვდნენ.
იურისტების შეფასებით, სადიგოვს საუბარი, გადაადგილება და კონცენტრაცია უჭირს.
"უფლებები საქართველომ უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აფგან სადიგოვი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმირებულია აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. 18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად თურქეთში გამგზავრება სურდა, მაგრამ ამის საშუალება მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჟურნალისტს მიზეზი არ განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა და მის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. თავად სადიგოვი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
13 მაისს აზერბაიჯანულმა მხარემ სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნით საქართველოს მიმართა.
ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მან მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ის ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით - „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა არაერთგზის“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე ჟურნალისტს უარი უთხრა.
21 სექტემბერს კი ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.