"იყო სხვადასხვა შემოთავაზებები ამ ორი თვის განმავლობაში და საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი", - ამის შესახებ გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა ოპოზიციური კანდიდატისთვის მთავარი კონკურენტი მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ოქრუაშვილის თქმით, ქვეყანა მძიმე ვითარებიდან გამოსვლას სწორედ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ არჩევნებზე ივანიშვილი დამარცხდება.
"ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პატივი, რომ ოპოზიციური თანხმობით ვიქნები დასახელებული საბურთალოს ოლქში. იყო სხვადასხვა შემოთავაზებები ამ ორი თვის განმავლობაში, საბოლოო ჯამში, მივიღე გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წავსულიყავი. ჩემთვის ასეა ცხოვრება, რომ სირთულეები რაც უფრო მეტია, მით უფრო საინტერესოა მისი გადალახვა. მთავარი კონკურენტი არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ოპოზიციური კანდიდატის, არის ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასოცირდება გაზრდილ კრიმინალთან, გაზრდილ კორუფციასთან, ქვეყნის დაცლასთან, ინფლაციასთან და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ამ კონკურენტს დავამარცხებთ, ქვეყანას გამოვიყვანთ ჭაობიდან. ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და მე საზოგადოების იმედი მაქვს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.