გამარჯვებული საქართველოს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების - ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების წინ ამ საკითხის წამოწევა "პოლიტიკური მასკარადის ნიშნებს" შეიცავს.
როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მისთვის მთავარი კითხვაა - რა მოტივი უნდა ჰქონოდათ დაკავებულებს და როგორ მოხდა ისე, რომ საქმეში არსებული რუკების შესახებ მხოლოდ მათ იცოდნენ.
"ძალიან კომიკურ სიტუაციაშია უკვე ხელისუფლება. 8 წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები. პროკურატურა უკვე ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარი კითხვაა - მოტივი რა იყო ამ ადამიანების, თუ ეს ყველაფერი ასე იყო? აზერბაიჯანი რა რუკებით ხელმძღვანელობდა? რაღა მაინცდამაინც ჩვენ გვქონდა ასეთი რუკები და როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ორმა ადამიანმა იცოდა ამ რუკების არსებობა და არ იცოდა არქივის არც ერთმა თანამშრომელმა ან უშიშროების საბჭოს არც ერთმა წევრმა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ აზერბაიჯანთან საკითხის გარკვევას არავინ დაიწყებს, დაკავებულებს კი გაათავისუფლებენ და ბოდიშსაც მოუხდიან.
"ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა შედეგი დადგება ქვეყნის შიგნით, რა შედეგი დადგება ქვეყნის გარეთ, ანუ აზერბაიჯანს წავუყენებთ თუ არა პრეტენზიას, თუ მართლაც რუკების აღრევასთან გვქონდა საქმე, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე. აშკარაა, რომ აზერბაიჯანთან მგონი ჯერჯერობით ამ საკითხის არც წამოწევა მომხდარა და არც გარკვევა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ეს თემა არჩევნების მერე ჩვეულებრივად ჩაივლის და არათუ აზერბაიჯანთან ვინმე არ დაიწყებს ამ საკითხის გარკვევას, არამედ ამ ადამიანებსაც ალბათ ბოდიშს მოუხდიან და გამოუშვებენ", - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება.
ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან "შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს".
ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".
ოპოზიცია საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.