logo
ENG



ოქრუაშვილის უფლებადამცველი: რადგან ასე იჩქარეს, დიდი მოლოდინი არ მაქვს

13 აპრ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების ერთ-ერთი კრიტერიუმი პოლიტ. პატიმრების გათავისუფლებაა, „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის უფლებამდამცველი გამამართლებელ განაჩენს არ ელოდება.

„დღეს დასკვნით სიტყვას ვამბობთ. სამართლებრივად რაც შეეხება, წესით ბრალიც არ უნდა წაეყენებინათ იმიტომ, რომ აბსურდია. არაფერი მსგავსი, რაც საფუძველს მისცემდა სასამართლოს, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის დანაშაული დაებრალებინა არ გვაქვს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და პოლიტ. პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ველოდებოდი, რომ აღკვეთი ღონისძიება შეიცვლებოდა, მაგრამ რახან ასე იჩქარეს, დიდი მოლოდინი არ მაქვს“, - განაცხა ოქრუაშვილის უფლებადამცველმა მამუკა ჭაბაშვილმა.

შეგახსნებეთ, ირაკლი  ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე  სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.უცნობია დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული დღევანდელ პროცესს.


close დახურვა