logo
ENG



ოცნება ამოეფარა ექიმების ზურგს და ასაუბრებენ მათ - სალომე სამადაშვილი

04 მაი 202021:25
3 წუთის საკითხავი
 

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ექიმების ზურგს ამოეფარა საგანგებო მდგომარეობის დროს და მათ ასაუბრებს საზოგადოებასთან. მისივე თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა მამუკა მდინარაძის განცხადებაზეც და სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რომ მდინარაძეს თავად ესმის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი არასწორად. 

მდინარაძემ თვითონ არ იცის საგანგებო მდგომარეობის არსი. შავით თეთრზე წერია, რომ პარლამენტი იკრიბება, როგორც კი ცხადდება საგანგებო, იკრიბება სესია და ის გრძელდება საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს უზურპაციას ხელისუფლების მხრიდან და არ წყვეტს ორგანო საზედამხედველო ღონისძიებების განხორციელებას.

ვურჩევ მდინარაძეს, წაიკითხოს კონსტიტუცია. ახლა მიმდინარე პროცესები მათ აწყობთ - ჩაკეტეს პარლამენტი ბოქლომით, შემოიღეს გაუგებარი აკრძალვები. მაგალითად, არავის ესმის რა არის კომენდანტის საათის დანიშნულება გარდა იმისა, რომ წნეხის ქვეშ მყოფი ხალხი სტრესში ჩააგდოს. გააუქმეს ყველა ეკონომიკური აქტივობა. კორუფციული სქემები ააყვავეს - ნიღბებზეც კი.

ამ ყველაფრის პარალელურად ამოეფარნენ ექიმების ზურგს და ასაუბრებენ მათ, როცა ხალხმა უნდა მოისმინოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ბიძინა ივანიშვილს ასეთი სტილი აქვს - თვითონ არის ჩრდილში. რომელიმე პრემიერს მიანდობს ხოლმე ქვეყნის მართვას. ახლა ექიმებს ასაუბრებენ და ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნები, რადგან არ აქვთ კითხვებზე პასუხები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


close დახურვა