ქართული ოცნების რუსული ნარატივი - ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის შემოჭრის მე-12 წლისთავი მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს აღნიშნა. იმ დღეს, რომლის აღიარებასა და დამკვიდრებასაც რუსეთი წლებია ცდილობს, მმართველი გუნდის ლიდერებს ამ თემაზე დასმული კითხვები აღიზიანებთ, თავდაცვის მინისტრს კი იერიში მედიაზე მიაქვს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ 2008 წელს შეცდომები დაუშვა, ოკუპაცია კი რუსეთის ხელისუფლებამ განახორციელა.
ოპოზიციისთვის ქართული ოცნების ხელისუფლების პოზიცია მიუღებელია და ამბობენ, რომ ის რუსეთის ხელისუფლების პოზიციას ემთხვევა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქართული ოცნების წევრები ასეთ განცხადებები საკუთარი ინიციატივით არ აკეთებენ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესებს ახმოვანებენ.
ქართული ოცნებამ აგვისტოს ომის შეფასებისას ფორმულირება შეცვალა - თუ წინა წლებში მმართველი გუნდის ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ახლა პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებენ და შეცდომების დაშვებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციისთვის კი ასეთი პოზიცია რუსეთის ინტერესების გატარებას ნიშნავს რაც საქართველოს ინტერესებს აზიანებს.