logo
ENG



ოცნება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს

09 თებ 202416:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/wamj3c7nl9hen1l.jpeg

ოცნება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 7. 

კანონპროექტის თანახმად, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი კანდიდატის მოადგილის თანამდებობა, რომელსაც ამჟამად ლელოს წევრი, გიორგი სიორაძე იკავებს. გარდა ამისა, იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრების არჩევის წესი. 

ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა შეახსენა. მათი განცხადებით, შესატანი ცვლილებები მხოლოდ ოცნების პარტიულ ინტერესებს ემსახურება. 

"თუ გაიარეთ უკვე კონსულტაციები EU-ს წარმომადგენლობასთან და თუ მიიღეთ მათგან თანხმობა, რომ ეს ცვლილებები ასახავს ევროკავშირის მოთხოვნას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით", - ჰკითხა სამადაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატებს. 

ოპოზიციის პასუხად, ოცნების დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ვენეციის კომისიის დასკვნაზე თქვა, რომ ის "უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათის იყო, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაციით გაჯარებული". 

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ბრიფინგი გამართა გიორგი სიორაძემ. მისი განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებსა და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს. 

"საარჩევნო ცვლილებები, რომელიც გაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირში დასკვნისთვის, შეფასდა ამ ინსტიტუტების მიერ და მარტივად რომ ვთქვათ, ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა: დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა. ამის პასუხად, ხელისუფელამ დახია ვენეციის კომისიის დასკვნა", - განაცხადა სიორაძემ. 


close დახურვა