ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე წარადგინა.
პარტიის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობსი არჩევნებში კალაძე გაიმარჯვებს. მან კალაძის კანდიდატურა წარადგინა, როგორც მომავალი მერი.
"ჩვენი პარტია საზოგადოებას წარუდგენს თბილისის მერობის კანდიდატს, თბილისის მომავალ მერს. ჩვენი დღევანდელი წარდგენა არ იქნება სიურპრიზი, მაგრამ იქნება ნებისმიერ სიურპრიზზე უფრო სასიამოვნო საზოგადოებისთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის...
ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს, კახა კალაძეს", - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძე 2013 წლიდან დღემდე არის ქართული ოცნების გენერალური მდივანი. 2012 - 2017 წლებში ის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო.
კალაძემ თბილისის მერის თანამდებობა 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნებით დაიკავა.
ღონისძიება მთაწმინდის პარკში, პროტესტის ფონზე გაიმართა. აქცია მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს. ჟურნალისტებს თან ჰქონდათ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები".
რაც შეეხება მედიას, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 1 ჯგუფს უშვებდნენ, ისიც სპეციალურ მედიაზონაში, რომელიც ღონისძიების ადგილიდან სპეციალური ჯებირებით არის გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებს ჯებირებს იქით გადასვლის უფლება არ მიეცათ, ხოლო მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.