რუსული კანონის შესახებ ქართული ოცნების დეზინფორმაცია, რომელიც ფეისბუქმა ფეიკად მონიშნა, ამობეჭდეს და ქუჩებში პლაკატებად გააკრეს. პლაკატები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია.
ქართული ოცნება ადასტურებს, რომ პლაკატების გაკვრაზე ინფორმირებულია, თუმცა ამტკიცებს, რომ ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი არ დახარჯულა. თბილისის მერიაში ფორმულას განუცხადა, რომ საინფორმაციო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ოფიციალური ნებართვა გაცემული არაა.
"არც ბიუჯეტის ფულით, არც სპეციალური ნებართვებით ეს არ არის გაკრული. კი, საქმის კურსში ვარ დეტალურად. ქარდები არა, ეს არის საინფორმაციო პლაკატები და ერთი სიტყვა იმაზე ტყუილად არ არის. სხვათა შორის, ისინი რაც გაიკრა, ახლა არ დაიბლოკა [ფეისბუქზე]. შეგიძლიათ, შეხვიდეთ ჩემთან, [ნახოთ], ვეღარ დაიბლოკა. პრინციპულად, ჯიუტად, მე პირადად, მესამედ დავდე", - განაცხადა პარლამენტში უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება კვლავ რუსული კანონის მიღებაზე ალაპარაკდა, სოციალურ ქსელებში პროპაგანდისტული შინაარსის პოსტები გაჩნდა - თუ რას გულისხმობდა კანონპროექტი. აღნიშნულ პოსტებს საჯარო სამსახურში დასაქმებულები კოორდინირებულად აზიარებდნენ. მოგვიანებით, ფეისბუქმა ოცნების პროპაგანდისტული პოსტები "ყალბ ინფორმაციად" მონიშნა.