„ქართულ ოცნებას“ სამართლიან არჩევნებში ხელისუფლების შენარჩუნების შანსი აღარ აქვს“, - ასე აცხადებს შექმნილ ვითარებას დავით უსუფაშვილი.
„ლელო საქართველოსთვის“ პარტიის წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მას თამაში უკვე წაგებული აქვს.
„ახალ ელჩს ბევრი ვესაუბრეთ, რა ხდება ქვეყანაში. დღევანდელი მისი მიღება ხელისუფლებამ აღნიშნა პოლიტიკური ოპონენტების დევნის ახალ ეტაპზე აყვანით. ეს არის მორიგი გამოვლინება უსუსურობის. მათ სამართლიან არჩევნებში ხელისუფლების შენარჩუნების შანსი აღარ აქვთ და ცდილობენ, დათესონ შიში, უიმედობა, გადაგვიყვანონ ყველა ჭკუიდან. ოპოზიცია იქნება პრინციპული. რა სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხელისუფლება შეიცვლება“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.