logo
ENG



ოცნებას სურდა ეს ჩანაწერი დოკუმენტიდან გამქრალიყო - ოპოზიცია რეზოლუციის დეტალებს აფასებს

31 იან 202014:18
3 წუთის საკითხავი
 

ევროსაბჭოს რეზოლუციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს, ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ.

"ისეთი წინაპირობა აქვს ამ ყველაფერს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგაც შერეული სისტემის დატოვება სურთ. სწორედ ესაა პირობა იმისა, რომ 100-50-ის შეთანხმება მოხდეს, რაც ვერ მოხდება. თუ შეთანხმება ვერ მოხდება, ვფიქრობ არჩევნების შედეგებზე აღნიშნული გავლენას მოახდენს იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების სახით, რომელიც საბოლოოდ იტყვის ცნობს ამ არჩევნებს თუ არა",-აცხადებს ეკა ბესელია. 

"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, დოკუმენტში მითითებული კონკრეტული ჩანაწერის მიხედვით შეფასდება მომდევნო არჩევნები, რაც ხელისუფლებისთვის არასახარბიელოა. სწორედ ამიტომ მმართველი გუნდი ცდილობდა ამ ჩანაწერის გაქრობას, თუმცა ამაოდ. 

"საქართველოში საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შეთანხმებული ყველა მხარესთან, რაც იმპერატიული მოთხოვნაა რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ამ წინაპირობის მიხედვით იქნება შეფასებული ევროპული ინსტიტუციების მიერ. "ქართულ ოცნებას" სურდა, რომ ეს ჩანაწერი დოკუმენტიდან გამქრალიყო, მაგრამ ვერ შეძლეს. ამიტომ კობახიძეს მოუწია მრავლობით ცვლილებებზე უკან დახევა და დათანხმება",-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ რეზოლუციის ფარგლებში საქართველოს მიმართულებით დადებითი შეფასებებია. რაც შეეხება ცალკეულ გამოწვევებს, არაა გამორიცხული მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. 

"ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ჩამოსული დელეგაცია გაცილებით ფართო ინფორმაციას გააჟღერებს და გაცილებით პოზიტიური შეფასება აქვს საქართველოს. დეტალებს რას შეეხება, ყველა და მათ შორის მეც მაინტერესებს პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა, თუმცა ჯერჯერობით პრინციპულად განსხვავებული პოზიციებია. მოლაპარაკების პროცესი იმიტომაა, რომ ვინძლო დავახლოვდეთ კიდეც",-აცხადებს გია ვოლსკი. 


close დახურვა