ქართული ოცნებიდან წასული 3 დეპუტატი: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, რომ ევროკავშირის დათქმებში დეოლიგარქიზაციის ხსენებით, "ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კამპანია კიდევ უფრო გაიშლება".
პარტიის ყოფილი წევრები წერენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა თანამოაზრეებმა ივანიშვილის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ, მათი თქმით, ივანიშვილის "ოლიგარქობის" მტკიცებულება არ არსებობს.
"ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ნაციონალური მოძრაობა და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. აშკარაა, რომ დეოლიგარქიზაციის დათქმის გამოყენებით, კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი "ოლიგარქობის" შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს" - აცხადებენ დეპუტატები.
დეპუტატები საერთო განცხადებაში გვთავაზობენ ოლიგარქის განმარტებასაც და ამბობენ, რომ ივანიშვილი არ შეესაბამება ამ კრიტერიუმებს, ვინაიდან, მათი თქმით, მისი პოლიტიკაში ჩარევის ფაქტი არცერთი ფაქტი არ არსებობს.
„კლასიკური განმარტებით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც მსხვილ ფინანსურ რესურსს ფლობს და ამ რესურსს პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად კერძო ინტერესების გამო იყენებს.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განმარტების ამ რამდენიმე ელემენტიდან მხოლოდ პირველს აკმაყოფილებს. რაც შეეხება პოლიტიკაზე მის გავლენას: გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს”, - წერია განცხადებაში.
დეპუტატების თქმით, პოლიტიკაში ივანიშვილის ჩაურევლობას ადასტურებს ქართული ოცნების 2 ყოფილი პრემიერის, კვირიკაშვილისა და გახარიას განცხადებებიც.
ოცნებიდან წასული დეპუტატების თქმით, თუ საზოგადოებაში არსებობს თეორიული ეჭვი, რომ ივანიშვილს კობახიძესთან ან ღარიბაშვილთან აქვს კომუნიკაცია, ეს არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას, რადგან მხოლოდ პოლიტიკური რჩევებით შეიძლება შემოიფარგლებოდეს, რისი მაგალითი, კი დეპუტატების თქმით აშშ-ის ახლანდელი ხელისუფლებაცაა.